ცნობილი ქართველი დირიჟორის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დამაარსებლის ევგენი მიქელაძის ხელმძღვანელობით შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების ფონოჩანაწერები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივშია დაცული, ციფრულ მატარებელზე გადაიტანეს და ჩანაწერის ხარისხი გააუმჯობესეს. 1937 წელს რეპრესირებული ქართველი ხელოვანის ფონოჩანაწერები, ისევე, როგორც სხვა მდიდარი და უნიკალური მასალა, ეროვნულ არქივში მეოცე საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს არქივის თანამშრომელთა ინიციატივით შეიკრიბა. საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული გენიალური დირიჟორის დახვრეტის შემდეგ მასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ნივთების უმეტესობა განადგურდა. არქივისტებმა გადაწყვიტეს, თავად მოეძიებინათ სხვადასხვა არქივსა თუ კერძო კოლექციაში გაბნეული ფონოჩანაწერები, ფოტოები, დირიჟორის ხანმოკლე ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები, რომელიც ეროვნული საარქივო ფონდის ნაწილი გახდა. სწორედ ამ გზით მოხვდა ეროვნულ არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში დირიჟორის ჯოხი, რომელიც, მასზე გაკეთებული წარწერის თანახმად, ევგენი მიქელაძეს 1932 წელს თბილისის კონსერვატორიის სადირიჟორო კლასის საფორტეპიანო ანსამბლისაგან საჩუქრად მიუღია. ეს ძვირფასი რელიქვია არქივს ცნობილი მუსიკოსის გიორგი თაქთაქიშვილის ოჯახმა გადასცა.ევგენი მიქელაძის პირად ფონდში, რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების არქივშია დაცული, შესულია 1890-1979 წლების დოკუმენტები, მათ შორის: პროგრამები და აფიშები, დირიჟორის სტატიები, რეცენზიები საოპერო სპექტაკლებსა და სიმფონიურ კონცერტებზე; წერილები მეგობრებისადმი; დიმიტრი შოსტაკოვიჩის, ალექსანდრე გაუკის, ევგენი მრავინსკის, დავით გამრეკელის, დიდიმ მირცხულავას და სხვათა მოგონებები ქართველ დირიჟორზე; ფოტოები, პარტიტურები, კლავირები, ფირფიტები.აღსანიშნავია კომპოზიტორ შალვა მშველიძის მიერ არქივისათვის გადაცემული რიჰარდ შტრაუსის სიმფონიური პოემის „დონ ჟუანის“ პარტიტურა, რომელიც ევგენი მიქელაძეს ეკუთვნოდა (მასში გაკეთებულია კიდეც დირიჟორის ჩანიშვნები). პარტიტურა დირიჟორმა თავის მეგობარს დაპატიმრებამდე ერთი კვირით ადრე ათხოვა.პირად ფონდშია ევგენი მიქელაძის ბიოგრაფიული მასალაც: სიმწიფის ატესტატი, სტუდენტის ჩათვლის წიგნაკი, სამხედრო ბილეთი და სხვა. აქვეა მიმოწერა ლიტერატურისა და ხელოვნების არქივსა და მინისტრთა საბჭოს შორის სიმფონიური ორკესტრისათვის ევგენი მიქელაძის სახელის მინიჭების შესახებ.ევგენი მიქელაძესთან დაკავშირებით კინოფოტოფონოდოუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულია ფონოჩანაწერები: შესავალი ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „დაისი“ და ამავე ოპერიდან კიაზოს არია _ „სულო ბოროტო“ (სანდრო ინაშვილის შესრულებით); აბესალომისა და მურმანის დუეტი ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „აბესალომი და ეთერი“ (სანდრო ინაშვილის და ნიკო ქუმსიაშვილის შესრულებით); არიები ოპერებიდან: დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“; მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“; იონა ტუსკიას „გველის მჭამელი“ (სიმფონიური სურათი); იონა ტუსკიას „მარშ გროტესკი“ და სხვა.ფონოჩანაწერებს შორისაა ევგენი მიქელაძის მეუღლის ქეთევან ორახელაშვილის მოგონება, რომელიც ჩაწერილია 1976 წელს.არქივში დაცულია ევგენი მიქელაძის ერთადერთი კინოკადრი, რომელიც ქორეოგრაფმა დავით ჯავრიშვილმა 1934-1936 წლებში გადაიღო. აქვეა ევგენი მიქელაძის ვაჟის ვახტანგ მიქელაძის გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ევგენი მიქელაძე“ (1979 წელი).