ეროვნულ არქივსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დღეს გაფორმდა ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ ეროვნული არქივი და სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაზე ერთობლივად მუშაობს. ამ თანამშრომლობის შედეგად გამოიცემა საიუბილეო ალბომი, რომელშიც ნოე რამიშვილთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი მასალა მოიყრის თავს“.

მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული არქივი 2018 წლისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ერთობლივად გამოსცემს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, სამენოვან (ქართულ-ინგლისურ-ფრანგულ) მემორიალურ ალბომს, რომელშიც შესული იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეროვნულ არქივში დაცული ნოე რამიშვილთან დაკავშირებული სახელმწიფოებრივი და პირადი დოკუმენტები, წერილები და ფოტოები.