ეროვნულ არქივს ვასილ თამარაშვილის პირადი არქივი შეემატა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივს ვასილ თამარაშვილის პირადი არქივი შეემატა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივს მუსიკოს ვასილ თამარაშვილის პირადი არქივი შეემატა. მასალა ეროვნულ არქივს უსასყიდლოდ გადასცა ვასილ თამარაშვილის შვილიშვილმა ნოდარ ხითარიშვილმა. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის მიხეილ თამარაშვილის ძმისშვილი ვასილ თამარაშვილი 1883 წელს თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის IV კლასიან სასწავლებელში, შემდეგ დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი, სადაც მუსიკალური თეორიის კურსს ზაქარია ფალიაშვილი ასწავლიდა.სასწავლებლის დასრულების შემდეგ ვასილ თამარაშვილი შეუდგა ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლასა და აღდგენას. მან ქართველ მოღვაწეთა შორის პირველმა შექმნა ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტული ორკესტრი და მისი ხელმძღვანელიც იყო. აღსანიშნავია, რომ თამარაშვილის მიერ 20-მდე სახეობის ხალხური საკრავია აღდგენილი.ვასილ თამარაშვილმა შექმნა მეთოდური სახელმძღვანელო მუსიკალური ინსტრუმენტების შესასწავლად. მასვე ეკუთვნის ნოტების საბეჭდი მექანიკური მანქანის გამოგონება მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, რომელიც სანოტე ნიშნებთან ერთად, ბეჭდავდა ლიტერატურულ ტექსტს ხუთ ენაზე. დღეისათვის არსებობს ამ მანქანის პატენტი, თუმცა მისი სერიული გამოცემა სხვადასხვა მიზეზი გამო არ მოხერხდა.ვასილ თამარაშვილის პირად არქივშია მასალები სანოტო მანქანის გამოგონების, ძველი მუსიკალური საკრავების აღდგენის შესახებ; საოჯახო და შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები; ნაშრომები მუსიკალური საკრავების გამოყენების წესების შესახებ. ფონდშია, ასევე, ზაქარია ფალიაშვილის რეკომენდაცია თბილისის მუსიკალური სასწავლებლის კურსდამთავრებული ვასილ თამარაშვილისათვის სამხედრო მუსიკალური გუნდის კაპელმეისტერად დანიშვნის შესახებ და სხვ.თამარაშვილის პირადი არქივის მასალა საარქივო წესით დამუშავდება, აღიწერება და მუსიკის ისტორიის მკვლევარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ აღნიშნული მუსიკოს-გამომგონებლის პირადი ფონდით.