იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ეროვნულ არქივს საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნება - საქართველოს ეროვნული არქივი

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ეროვნულ არქივს საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს მალე საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნება. დღეს, 5 ივლისს, მშენებარე გალერეას იუსტიციის მინისტრი ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

1920 წელს შექმნილ არქივს არასოდეს ჰქონია გამოფენების თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად სივრცე. მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით საგამოფენო გალერეა პირველად შენდება.

„ჩემი მიზანია, საქართველოს ეროვნული არქივი არა მხოლოდ ეროვნული, არამედ თანამედროვე ეროვნული დაწესებულება იყოს. ჩვენი ეროვნული მეხსიერება და შესაბამისი ექსპონატები არქივში არა მხოლოდ კარგად უნდა ინახებოდეს, არამედ ხელმისაწვდომიც უნდა იყოს საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდა თაობისათვის; ამიტომ თვის ბოლოს გავხსნით საგამოფენო დარბაზს იქ, სადაც აქამდე ხან სავაჭრო ჯიხური იდგა, ხან - - მცირე კვების ობიექტი. იმედი მაქვს, ეს საგამოფენო სივრცე არა მხოლოდ საბურთალოსა და თბილისის, არამედ ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის ტურისტებისთვის, საყვარელი ადგილი გახდება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა საგამოფენო სივრცის დათვალიერების შემდეგ.

ახალი შენობის საგამოფენო დარბაზში, გამოფენების გარდა, გაიმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემათა პრეზენტაციები. შენობის ანტრესოლზე განთავსდება მედიათეკა და წიგნების მაღაზია. მედიათეკაში ნებისმიერი დამთვალიერებელი ისარგებლებს უნიკალური წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით; წიგნების მაღაზიაში კი შეიძენს საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებულ მრავალფეროვან პროდუქციას.

2016 წლის 19 ივლისს გალერეა გაიხსნება გამოფენით − „ჩვენი არქივი − ჩვენი საუნჯე“. მასზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე მრავალფეროვანი ექსპონატები: IX-XIX საუკუნეების ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი მასალა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები, საბჭოთა პერიოდის ფოტო- თუ წერილობითი საბუთები, XX საუკუნის 90-იანი წლების დოკუმენტური ქრონიკა.

ეროვნული არქივი საქართველოს დოკუმენტური მეხსიერების ყველაზე დიდი საცავია. აქ 5 მილიონამდე საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი ინახება, მათ შორის: 439 063 ფოტო, 19 063 ფონო და 34 904 კინოდოკუმენტი; ასევე 80 000-მდე წიგნი და 50 000-მდე პერიოდული გამოცემაა დაცული.