საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნულ არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დღეს ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენლები რიტა კალკონი და მაიკლ ვერმოტი მიიღო. სტუმრებმა ეროვნულ არქივის ხელმძღვანელს ბელგიელი პოლიტიკოსის კამილ ჰიუსმანსის არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული ასლებს გადასცეს. დოკუმენტებს შორისაა: კამილ ჰიუსმანსის საქართველოსთან დაკავშირებული მიმოწერა ბრიუსელში, პარიზში, ლონდონში, ბერლინში, კოპენჰაგენში, ვარშავასა და თბილისში 1920-22 და 1924 წლებში; მასალები, ბროშურები, მოხსენებები საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჰიუსმანსი 1920 წელს საქართველოში ჩამოსული მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის წევრი იყო. შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, 2013 წელს ბელგიაში, ქალაქ გენტში ერთობლივი გამოფენის მოწყობაზე. ექსპოზიციისთვის შეირჩევა მასალა ეროვნულ არქივში დაცული დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციიდან. გამოფენასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების შესათანხმებლად 18 სექტემბერს ეროვნულ არქივს გენტის ისტორიული სახლის ფოტოგამოფენებისა და განათლების სფეროს ხელმძღვანელი ანკე ჰაენი ეწვევა და კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივში დაცულ მასალას გაეცნობა. აღსანიშნავია, რომ ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობა ერთი წლის წინათ დაიწყო.