ეროვნულ არქივს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კინოფონდის დელეგაცია ეწვია - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კინოფონდის დელეგაცია ეწვია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სახელმწიფო კინოფონდის დელეგაცია, რომელსაც ფონდის დირექტორი ჯამილ გულიევი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. „ჩვენი სტუმრები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივში დაცული იმ აუდიო, კინო და ფოტომასალით, რომელიც აზერბაიჯანს ეხება. ჩვენი მხრიდან ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოს შესახებ კინომასალის მოძიება აზერბაიჯანის სახელმწიფო კინოფონდში“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თეონა იაშვილმა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან: მე-20 საუკუნის 50-60-იანი წლებში ხმის ჩამწერი ფირმა „მელოდიას“ ფონოჩანაწერებს, სადაც წარმოდგენილია აზერბაიჯანულ ენაზე შესრულებული ნაწარმოებები; კინოსიუჟეტს, რომელიც ასახავს 1920 წელს საქართველოდან ბაქოში 26 კომისრის ცხედრის გადასვენებას; ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომებს, სადაც ასახულია მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბაქოს ხედები. დელეგაციის ვიზიტი 19 მარტს დასრულდება.