ეროვნულ არქივში არქიტექტორ ლადო ალექსი-მესხიშვილთან დაკავშირებით დაცული მასალა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გამოიფინა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივში არქიტექტორ ლადო ალექსი-მესხიშვილთან დაკავშირებით დაცული მასალა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გამოიფინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა არქიტექტორ ლადო ალექსი მესხიშვილისადმი (1915-1978) მიძღვნილ გამოფენაზე საარქივო მასალა წარადგინა.

თბილისის სპორტის სასახლის, წყალტუბოს სანატორიუმ „იმერეთის“, თბილისის ჭადრაკის სასახლის, „ვაკის პარკის“ კასკადის, თბილისის ფოსტის ცენტრალური შენობის, მეტრო „თავისუფლების მოედნის“ და სხვა გამორჩეული შენობების არქიტექტორის მოღვაწეობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები და ფოტოები საზოგადოებას გამოფენაზე „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ პირველად წარედგინა. ამასთან, გამოფენის სტუმრებმა იხილეს ეროვნულ არქივში დაცული რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმი „წერილი შვილებს“ (1981), რომელიც ავტორმა მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა.

თიბისის ორგანიზებით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეში გახსნილ გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს ლადო ალექსი-მესხიშვილის არქიტექტურული ჩანახატები და ნახაზები, მის მიერ დაპროექტებული შენობების ფოტოები და მაკეტები. ექსპონატები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კერძო კოლექციებში.

ლადო ალექსი-მესხიშვილი XX საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია. მისმა შემოქმედებამ საქართველოში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

გამოფენის კურატორები: დიმიტრი ერისთავი, ლადო შონია, ნინი ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით.

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გამოფენა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. სამუშაო საათები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 10:00 – 20:00.