ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაში დღეიდან „განრიდებისა და მედიაციის” პროექტში ჩართული არასრულწლოვნებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადეს. პროგრამის მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ კახიძემ, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და Lib.ge-ს წარმომადგენელმა ნათია გულიაშვილმა ისაუბრეს. ელექტრონული წიგნის პროგრამა საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობის ერთ-ერთი საინტერესო სახეა. პროგრამის ფარგლებში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს დაევალებათ მათთვის სპეციალურად შერჩეული წიგნის ელექტრონული ვერსიის შექმნა. ოთახ კახიძის განცხადებით, პროგრამა თანაბრად სასარგებლოა როგორც მასში მონაწილე ახალგაზრდებისათვის, ისე საზოგადოებისათვის: ახალგაზრდა კითხულობს წიგნს, სწავლობს კომპიუტერთან მუშაობას და, ამავდროულად, საზოგადოებისათვის ქმნის ელექტრონულ ლიტერატურას. ეროვნული არქივი, lib.ge-თან ერთად, პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს მუშაობისათვის სასიამოვნო გარემოს შეუქმნის. წიგნები, რომლებსაც ისინი გააციფრულებენ, შემდეგში ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება, - აღნიშნა თეონა იაშვილმა პროექტის პრეზენტრაციაზე. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროექტს იუსტიციის სამინისტრო 2009 წლის ბოლოდან ახორციელებს. განრიდება სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატივას წარმოადგენს. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია, იგი განარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი უკავშირდება სოციალურ მუშაკს და არასრულწლოვნის საქმეს მას გადასცემს. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვნის შეფასება-დახასიათებას, რის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას. მხარეებთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. სამოქალაქო ხელშეკრულების თანახმად, არასრულწლოვანს დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე. საქმე სრულდება არასრულწლოვნის ნასამართლეობისა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხვედრის გარეშე. ელექტრონული წიგნის პროგრამა იუსტიციის სამინისტროს, ეროვნული არქივისა და Lib.ge-ს მიერ ერთობლივად, საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.