ძველნაბეჭდი წიგნების რესტავრაცია - საქართველოს ეროვნული არქივი

ძველნაბეჭდი წიგნების რესტავრაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის ძველნაბეჭდ წიგნებს რესტავრაცია უტარდება. რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში უკვე მუშაობენ მე-18 მე-19 საუკუნეების შემდეგ გამოცემებზე: • „დაუჯდომელი“, თბილისი, 1790, ერეკლე II-ის სტამბა; ტექსტის წინ ჩართულ ფურცელზე დატანილია ხარების მინიატურა. თავების დასაწყისი შემკულია ყვავილოვანი ორნამენტებით. ანბანი – ქართული მხედრული; • „ნაბოძები ღრამატა აზნაურთადმი რუსეთისათა“, სანკტპეტერბურგი, 1811, რუსულ-ქართულ ენებზე; • „თვითმასწავლებელი, რომელი იპყრობს თვის შორის ღრამმატიკასა, ზნეობის სწავლასა, საუბარსა და ლექსიკონსა რუსულსა და ქართულსა ენასა ზედა“. ავტორი გოდერძი ფირალოვი სანკტპეტერბურგი, 1820. რუსულ-ქართულ ენებზე; • „თანსატარებელი ლოცვის წიგნი, რომელიც იპყრობს თვის შორის საყოველდღივო სხვადასხვა შვენიერს ლოცვებსა“ (საქართველოს რომის კათოლიკეთათვის), კონსტანტინოპოლი, 1877, ქართულ ენაზე; • „კავკასიური სალაშქრო ნახატები“, სანკტპეტერბურგი, 1896. 60-გვერდიან ალბომში შესულია გერმანელი მხატვრის ტეოდორ გორშელტის მიერ კავკასიის თემატიკაზე შესრულებული ნახატები. სურათები ასახავს როგორც სამხედრო პირების, ისე ჩვეულებრივი კავკასიელების ყოველდღიურობას. წიგნების რესტავრაციის გეგმა, მათი ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, უკვე შედგენილია. დაზიანების ხარისხის მიხედვით წიგნების რესტავრაციას 1-დან 3 თვემდე დასჭირდება.