ძველი ხელნაწერების მიხედვით შექმნილი ახალი შრიფტები: „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ - საქართველოს ეროვნული არქივი

ძველი ხელნაწერების მიხედვით შექმნილი ახალი შრიფტები: „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“

ქართული ხელნაწერების საფუძველზე შექმნილი ანბანის სამი სახეობის შრიფტების – „ანბანდიდის“, „გრაგნილისა“ და „მედეას“ - პრეზენტაცია დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.

საქართველოს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შრიფტები ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით შეიქმნა. ასომთავრულს საფუძვლად დაედო IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი XVII საუკუნის ძეგლის „იაზონისა და მედეას ამბავის“ მიხედვით შეიქმნა. შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი. შრიფტები იხილეთ ბმულზე: https://calligraphy.ge/fonts?filters=avtori[86].

პროექტი მიეძღვნა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანიდან 5 წლის იუბილეს. საქართველოს ეროვნული არქივი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ნომინაციის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული.