კინოს სახლში დოკუმენტური ფილმის „კეთილი იმედის ქვეყანა - ბრაზილია“ პრემიერა შედგა. ფილმი გადაღებულია 1990 წელს და აღდგენილია 2013 წელს, ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში.ფილმში, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია მერაბ გაგუა, მოთხრობილია ბრაზილიის ისტორიის, რელიგიისა და კულტურის, სპორტის, საქვეყნოდ ცნობილი ბრაზილიური კარნავალის, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტების, ამაზონიის ჯუნგლების ინდიელ ტომთა ყოფა-ცხოვრების შესახებ.დოკუმენტური ფილმის პირველადი ვარიანტი იყო ბრაზილიურ ენაზე, საერთო ხანგრძლივობით - 85 წუთი. საქართველოს ეროვნულ არქივში, კერძოდ, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში, 2013 წელს მოხდა ფილმის აღდგენა: ტიტრები და სადიქტორო ტექსტი ქართულად ითარგმნა, აღდგა ფილმის გამოსახულება და ხმოვანი რიგი, ასევე, ფილმი შეიკვეცა და ქრონომეტრაჟით გაუთანაბრდა საერთაშორისო სტანდარტს - 55 წუთს.ფილმის ავტორმა მერაბ გაგუამ 2011 წელს ამ დოკუმენტური ფილმის მასალები (ნეგატივი,პოზიტივი, ფონოგრამა) საჩუქრად გადასცა საქართველოს ეროვნულ არქივს.