დოკუმენტების რესტავრაცია ეროვნულ არქივში - საქართველოს ეროვნული არქივი

დოკუმენტების რესტავრაცია ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში 2009 წელს აღდგენითი და საკონსერვაციო სამუშაო ჩაუტარდა: ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 24 345 ფურცელს, 618 ყდას, 154 ტექნიკურ ნახაზს, 239 ფერწერულ ესკიზს, 5 ფოტოალბომს, 1051 ფოტოპოზიტივს.

რესტავრირებულ დოკუმენტთა შორისაა: საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილების ხელნაწერი დოკუმენტები _ 1146 ფურცელი და 308 ყდა - 1429–1803 წლების წყალობის, შეწირულების, ნასყიდობის, მზითვის წიგნები. დოკუმენტები ასახავენ საქართველოს მეფეების: ალექსანდრე დიდის (I), გიორგი XI-ის, ბაქარ (ვახტანგ VI-ის ძე) მეფის, იმამყულიხანის (დავით II), შაჰნავაზის (ვახტანგ V), ერეკლე II-ის და გიორგი XII-ის მოღვაწეობას. გარდა ქართული დოკუმენტებისა, რესტავრაცია ჩაუტარდა სპარსული საბუთების კოლექციიდან 18 დოკუმენტს. საბუთები წარმოადგენენ 1661–1810 წლებში გაცემულ შაჰის ფირმანებს, ოქმებს, ნასყიდობის წიგნებს. ისინი ასახავენ როგორც საქართველოს, ისე კავკასიისა და ირანის ისტორიას.აღსანიშნავია, ასევე, მე-18 საუკუნეში გადაწერილი, 400-ზე მეტი გვერდისაგან შემდგარი „რუსუდანიანის“ რესტავრაცია.2009 წელს ლაბორატორიაში დამუშავდა 200-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, რომელიც ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში, ოპერისა და ბალეტის თეატრის ფონდში ინახება.რესტავრაცია ჩაუტარდა ვახტანგ VI-ის მიერ დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში, 1709 წელს დაბეჭდილ პირველ წიგნს - სახარებას (ორი ეგზემპლარი) და 1710 წლით დათარიღებულ კონდაკს (წირვისა და ღვთისმსახურების წესების კრებული).