დავით აღმაშენებლის ანდერძი და შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული ექსპოზიცია - საქართველოს ეროვნული არქივი

დავით აღმაშენებლის ანდერძი და შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული ექსპოზიცია

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დამთვალიერებელს პირველად მიეცა შესაძლებლობა, იხილოს დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ორიგინალის ფრაგმენტი, რომელიც დაწერილია შარვანში გალაშქრების წინ, ასევე ანდერძის ალექსანდრე როინაშვილის მიერ 1895 წელს გადაღებული მინის ნეგატივის ასლი. გამოფენაზე აგრეთვე პირველად იქნება წარმოდგენილი სარგის კაკაბაძის მიერ 1911 წელს დამზადებული დავით აღმაშენებლის ხელრთვების პალეოგრაფიული პირები.

დამთვალიერებლის მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს მდიდრულად შემკული ვარძიის ოთხთავი (XII-XIII სს.) „საზეიმო", რომელიც სავარაუდოდ თამარ მეფეს ეკუთვნოდა; ქართული მედიცინის ისტორიის კლასიკური პერიოდის ერთ-ერთი უადრესი ძეგლი, ენციკლოპედიური ნაშრომი „უსწორო კარაბადინი" (XIII-XIV სს.); სამცხის ათაბაგ თაკარის სკრიპტორიუმში გადაწერილი, კოდექსის ტიპის ნუსხა - ვალეს ოთხთავი (1514 წ.); ქართლის მეფე როსტომის მეუღლის, მარიამ დადიანის დაკვეთით გადაწერილი ქართლის ცხოვრება (მარიამისეული ნუსხა, 1633-1646 წწ.) და სხვა.

აღნიშნული ექსპონატები ჩაერთვება გამოფენაში "შუა საუკუნეების საგანძური", რომელზეც წარმოდგენილია წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები. ეს ნიმუშები ასახავს იმ კულტურული ტრადიციების ერთიანობას და უწყვეტობას, რომელთა საფუძველზე ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითშეგნება.

ქართული ქრისტიანული ხელოვნება ეფუძნება წინარექრისტიანულ ტრადიციებს, რომლის შედეგადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართველი ერის სახე. აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მომავალ კულტურულ მიმდინარეობათა გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო მზად იყო მაშინდელი მოწინავე მიმდინარეობების მისაღებად. საქართველო იმ სახელმწიფოთა რიგს განეკუთვნება, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა და აღიარეს ის სახელმწიფო რელიგიად, რითაც ქვეყანამ საბოლოოდ განამტკიცა კავშირი ევროპასა და ევროპულ კულტურასთან.

საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი შუა საუკუნეების საგანძურის ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა ამა წლის ივნისში. კოლექციის სპეციფიკიდან გამდინარე, გამოფენაზე მუდმივად მოხდება ხელოვნების ნიმუშთა ცვლა. გამოფენა თანმხლები საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული ღონისძიების მეშვეობით საშუალებას იძლევა ქართული ხელოვნების ნიმუშების და მეცნიერების ერთიან კონტექსტში წარმოჩენით ვაჩვენოთ ეროვნული თვითშემეცნების, ქართული გონებრივი საუნჯის ჩამოყალიბების და განვითარების უწყვეტი გზა.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.