ავტომობილი „ბენცი“ - კვირის დოკუმენტი - საქართველოს ეროვნული არქივი

ავტომობილი „ბენცი“ - კვირის დოკუმენტი

ავტომობილი „ბენცი“, მოდელი „ტორპედო“. ფოტო სარეკლამო ბროშურიდან, 1913 წელი.

ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, კავკასიაში სხვადასხვა დანიშნულების ავტომობილების შემოყვანა XX საუკუნის დასაწყისიდან, კავკასიის სამხედრო გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ გააქტიურდა.

კავკასიის საოლქო საგზაო სამმართველოს ფონდის მასალებმა შემოგვინახა ინფორმაცია დღესათვის კარგად თუ ნაკლებად ცნობილი ავტომობილების მწარმოებლების შესახებ, რომელთა პროდუქცია ერთი საუკუნის წინათ შემოდიოდა კავკასიაში, ესენია: „ჯენერალ მოტორსი“, „დე დიონ ბუტონი“, „პეჟო“, „ოპელი“, „კადილაკი“, „კრეზო შნაიდერი“, „მიტჩელი“, „ფიატი“, „ოლდსმობილი“, „ლორენ დიტრიხი“, „აველინგი და პორტერი“ და სხვა.

1913 წელს იალტელ გრიგორი მოსკვიჩს კავკასიის საოლქო საგზაო სამმართველოს ინჟინერ არკადი ლავრენტიევისაგან იჯარით აუღია 5 ავტომობილი „ბენცი“ საქართველოს სამხედრო გზაზე, ვლადიკავკაზი-თბილისის მიმართულებით მგზავრების გადასაყვანად. სარეკლამო ბროშურის ფოტო სწორედ ამ გარიგების შესახებ გაფორმებულ დოკუმენტაციას ახლავს.