არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ
შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომლებს, რომელთაც იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 7-დან 11 ივნისამდე სწავლება გაიარეს, დღეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
სემინარის 30-მდე მონაწილე გაეცნო არქივების მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს; დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესებს, მათ შორის: საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა გაფორმება; ანაწერების შედგენა; არქივების დოკუმენტების დაცვა; დოკუმენტების აღრიცხვა; არქივის დოკუმენტების მუდმივად შესანახად გადაცემის წესი. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობას.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს პერმანენტულად ატარებს.