ხელნაწერის ანდერძში ერთად არიან მოხსენიებულნი: თამარ მეფე, დავით სოსლანი და ტახტის მემკვიდრე - ლაშა-გიორგი. სახარება ტაოკლარჯული ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მის ყდას ოდესღაც ბექა ოპიზრის ჭედურობა ამშვენებდა. ანჩის სახარება სოფრომ მწიგნობარმა წყაროსთავის მონასტერში შეიძინა, ბექა ოპიზარს მოაჭედვინა და ანჩის ღვთაების ხატს შესწირა. ამას გვამცნობს ხელნაწერის ანდერძი და ხელნაწერის ბოლოს დართული, აკროსტიხით გაწყობილი თორმეტმარცვლოვანი იამბიკო. დღეისათვის ხელნაწერი თითქმის სრულადაა მოღწეული: ოთხივე სახარება, საძიებლები, საწელიწდო საკითხავები; ტექსტი გიორგი მთაწმიდელის რედაქციისაა. სახარებაში ოდესღაც 4 მინიატურა იყო ჩართული, რომელთაგან მხოლოდ ერთი შემორჩა. საერო პირებთან ერთად ანდერძში მოხსენიებულები არიან სასულიერო პირები: ანჩელი ეპისკოპოსები - თეოდორე ანჩელი და იოანე რკინაელი. ანჩის სახარების ამჟამინდელი ყდა გვიან შუა საუკუნეებში ვინმე ენუქის მიერ არის შექმნილი.
"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.