ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობის ამსახველი ფონდის მიმოხილვა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულია ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია, რომელიც ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობას ასახავს. ფონდის შესახებ ინფორმაცია ფონდების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.
ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობა 1870-იან წლებში დაიწყო და XX საუკუნის 20-იან წლებში დასრულდა. მშენებლობის მიმდინარეობა სრულადაა ასახული ფოტოებზე, რომლებიც 5 ალბომშია გაერთიანებული და 600-მდე ფოტოს მოიცავს.
1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისში პირველი სამგზავრო მატარებელი ჩამოვიდა, სწორედ ეს დღე ითვლება ამიერკავკასიის რკინიგზის დაბადების დღედ. ამის შემდეგ საქართველოში ფართომასშტაბიანი სარკინიგზო მშენებლობა გაიშალა.
პირველად მწყობრში ჩადგა ფოთის, ჭალადიდის, ახალსენაკის, რიონისა და ყვირილას სადგურები. ფოტოებმა შემოგვინახა პირველი ორთქმავალი, „ფერლის“ ტიპის სამეფო ვაგონები.
1890 წელს დიდი ზეიმით გაიხსნა სურამის გვირაბი, ზეიმს ესწრებოდნენ მაღალჩინოსნები პეტერბურგიდან და თბილისიდან.
ფოთი-თბილისის მონაკვეთის დასრულების შემდეგ დაიწყო ბაქო-თბილისისა და სამტრედია-ბათუმის მონაკვეთების მშენებლობა, რომლის დასრულებამ უზრუნველყო აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვა ბათუმამდე. ერთმანეთს დაუკავშირდა სამი სამრეწველო ცენტრი.
ჭიათურის მარგანეცის მსოფლიო ბაზარზე გასატანად საჭირო გახდა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობა შორაპნიდან ჭიათურამდე.
1910-1915 წლებში კახეთის რკინიგზის ხაზის მშენებლობა დასრულდა, ხოლო 1900 წელს დაიწყო პეტროვსკის შტოს გაყვანა, რითაც რკინიგზა შეუერთდა რუსეთის სარკინიგზო ქსელს.
ერთ-ერთ ალბომში დაცულია ფოტოები ყარსის რკინიგზის შესახებ, ასევე ბამბაკის ხეობის, ზამანლინის ხიდის ფოტოები.
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოებს, გარდა ისტორიულისა, მხატვრული მნიშვნელობაც გააჩნია. მათი ტექნიკური შესრულება მაღალი პროფესიული დონით გამოირჩევა.
ფონდში დაცული მასალების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.