საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის „ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგი“ ფარგლებში ამ დროისთვის ახალი სტანდარტით უკვე 300 ხელნაწერია აღწერილი.
ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდი, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერი შედის. მათი აღწერილობა ბოლოს 1950 წელს დაიბეჭდა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 2014 წელს, ეროვნულ არქივში შეიქმნა ხელნაწერთა აღწერილობის ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვით შექმნილი აღწერილობების კიდევ ერთი, მესამე ტომი, გამოსაცემად უკვე მზადდება. მესამე ტომში შევა იმ ხელნაწერთა აღწერები, რომლებსაც ხელნაწერთა კოლექციაში აქვს ნომრები 201-დან 300-მდე.
ახალტომში შესული ხელნაწერების დიდი ნაწილი არქივს 1920-იან წლებში ცნობილმა სასულიერო პირმა ვასილ კარბელაშვილმა გადასცა. ხელნაწერების აღწერისას არაერთი სიახლე გამოვლინდა, მათ შორის აღსანიშნავია ახლად გამოვლენილი ტექსტები, მინაწერები და ინფორმაცია ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით.
რამდენიმე ათეული ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები შეეხება გურიაში მიმდინარე სააღმშენებლო თუ საგანმანათლებლო საქმიანობას, სიმონ ქორიძის მიერ სოფელ წყალწმინდაში დაარსებული ქართული ხელნაწერების ბიბლიოთეკასა და იქვე დაარსებულ ქართულ სკოლას.
განსაკუთრებით ღირებულია იმერეთის დედოფალ მარიამისა (ოტია დადიანის ასული) და ალექსანდრე ბატონიშვილის შვილის (სოლომონI-ის შვილობილი და ტახტის მემკვიდრე) გიორგი (გოგია) ბატონიშვილის დღემდე უცნობი ავტოგრაფული მინაწერები.
ხელნაწერების აღწერის ახალმა სტანდარტმა პროექტზე მომუშავე ჯგუფს საშუალება მისცა, ინფორმაცია დეტალურად აესახა ხელნაწერის აღწერაში. აღწერილობის პირველი ტომი გამოიცა 2016 წელს, მეორე კი - 2018 წლის მიწურულს.