აბაშაში ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ოფისი გაიხსნა - საქართველოს ეროვნული არქივი

აბაშაში ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ოფისი გაიხსნა

დღეს აბაშაში იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე.

შენობის გახსნისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა: „დღეს გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქართველოს ეროვნული არქივის შენობა, რომელშიც ასევე განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ოფისები. ვფიქრობ, იმ მომსახურების შინაარსთან ერთად, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სახელით აღნიშნული სიპები აწვდიან მოქალაქეებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფორმა, ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებულ და დადგენილ სტანდარტებს".

რეკონსტრუქციის შემდეგ შენობაში გაუმჯობესდა როგორც თანამშრომელთა სამუშაო გარემო, ისე მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები. დღეიდან იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სამი უწყების მომსახურებას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ერთ შენობაში მიიღებს.

სამსართულიანი შენობის რეკონტრუქცია 2014 წლის დეკემბერში დასრულდა. არქიტექტორ გიორგი კირთაძის პროექტის მიხედვით სამუშაოები განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ.