საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 7 მარტს, 16:00 საათზე ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალ შენობას გახსნის.
ზუგდიდის არქივის აქამდე არსებულ სამსართულიან შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამავდროულად, მის გვერდით აშენდა 4-სართულიანი შენობა, სადაც საარქივო დოკუმენტების საცავები განთავსდა. შენობები ერთმანეთს მე-2 და მე-3 სართულებზე არსებული ხიდებით დაუკავშირდა.
საცავები, რომლის მთლიანი ფართი 1112 კვ. მეტრია, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო, აღიჭურვა კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. სამეგრელოს რეგიონის რაიონების - ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის არქივების დოკუმენტები, სულ 371 218 საქმე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.სამეგრელოს რეგიონულ არქივში დოკუმენტები 1920-იანი წლებიდან ინახება.
საარქივო დოკუმენტები ასახავს რეგიონის სოფლებისა და ქალაქების სოციალურ და კულტურულ ყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებს, დემოგრაფიულ მონაცემებს, ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას.საარქივო მასალები, ასევე, მოიცავს ინფორმაციას ადგილობრივი სასწავლო დაწესებულებების, ფაბრიკა-ქარხნების, თეატრებისა და კულტურის სახლების, საავადმყოფოების, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციების შესახებ.დოკუმენტების საცავებსა და სამუშაო ოთახებთან ერთად, რეგიონული არქივის შენობაში მოეწყო სამკითხველო და საგამოფენო სივრცე.
მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა ორგანიზაციამ - შპს ,,აგრომშენსერვისმა“ განახორციელა. სამშენებლო სამუშაოებზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონული არქივების ახალი შენობები შარშან რუსთავსა და თელავში გაიხსნა. ამასთან, დაწყებულია ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობა.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსი.