საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 2010 წლის განმავლობაში 31 ათასზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა. საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინოფოტოფონოდოკუმენტების, ქუთაისის ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი არქივებიდან შარშან 30 681 თემატური და სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობა გაიცა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხებით.ამავე პერიოდში ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში იმუშავა 456 მკვლევარმა, მათ შორის 52 უცხოელი იყო (აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, რუსეთის, საფრანგეთის მოქალაქეები).უცხოელი მკვლევარების დაინტერესების საგანს წარმოადგენდა თემები: საქართველო-რუსეთის, საქართველო-უკრაინის, საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-ირანის, საქართველო-პოლონეთის ურთიერთობები; საქართველოში მცხოვრები ქურთების ისტორია; ქართული ეკლესია-მონასტრების ისტორია; კათალიკოს კირიონ II ცხოვრება; წმინდა აღმსარებელ ამბროსი ხელაიას ცხოვრება და მოღვაწეობა; სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის და არსებობის ისტორია, ოსური სეპარატიზმის ასახვა ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში, ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორია; XX საუკუნის თბილისის არქიტექტურა, ძველი თბილისის განაშენიანება; ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წლები) და სხვ.ცნობისათვის: საქართველოს ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შემდეგ მომსახურებას უწევს: სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების გაცნობა; დოკუმენტების ქსეროასლების დამზადება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; დოკუმენტების შესახებ საინფორმაციო ცნობისა და ანალიტიკური მიმოხილვის მომზადება; ფოტოდოკუმენტის ნეგატივიდან ანაბეჭდის დამზადება; კინოდოკუმენტების ეკრანზე ჩვენება და ციფრულ ფორმატზე გადატანა; ფონოდოკუმენტის მოსმენა და ციფრულ ფორმატზე გადატანა.ეროვნულ არქივში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობები: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა; რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვ.