საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 1919 წლის საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორის ანტონ ვაჭარაძის სტატისტიკური კვლევა, რომელიც ეროვნულ არქივში დაცულ მასალებს ეყრდნობა.
საქართველოში არჩევნების ისტორია იწყება 1919 წლის თებერვლიდან, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ პირველად აირჩია საკანონმდებლო ორგანო - დამფუძნებელი კრება.
არჩევნები 1919 წლის 14 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდა. ძირითადი არჩევნები 13 მაზრასა და 17 ქალაქში ჩატარდა. არჩევნებში სულ 15 პარტია იყო რეგისტრირებული.
უამინდობის, სამხედრო ვითარებისა და სხვადასხვა მიზეზის გამო, ზემო სვანეთში, ბორჩალოს მაზრაში, დუშეთის მაზრის რამდენიმე უბანზე, სოხუმის ოლქში, ახალქალაქსა და ახალციხეში არჩევნები ვერ გაიმართა, თუმცა, მცირე ხანში, აქ დამატებითი არჩევნები ჩატარდა.
საკანონმდებლო ორგანო ასე დაკომპლექტდა: N1 - საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია - 102 მანდატი; N5 - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია - 9 მანდატი; N2 - საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 8 მანდატი; N3 - საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია - 6 მანდატი; N4 - პარტია „დაშნაკცუთიუნ“ – 3 მანდატი; N8 - საქართველოს ეროვნული პარტია - 2 მანდატი.
საბოლოო ოქმში საარჩევნო კომისიამ, მიუხედავად გამოვლენილი მცირედი დარღვევებისა, არჩევნები დემოკრატიულად მიიჩნია და შედეგები დაამტკიცა.
ეროვნული არქივის მონაცემების საფუძველზე ანალიტიკოსმა დავით სიჭინავამ საარჩევნო აქტივობისა და პარტიების საარჩევნო შედეგების რუკები შექმნა.
იხილეთ კვლევა და რუკები.