„ვარსკვლავთცვენა“ იროდიონ ევდოშვილის ლიტერატურულ საღამოზე, 1914 წლის 7 ივნისი - საქართველოს ეროვნული არქივი

„ვარსკვლავთცვენა“ იროდიონ ევდოშვილის ლიტერატურულ საღამოზე, 1914 წლის 7 ივნისი

„ყველაზე უბრალოდ აქ მე ვარ ...“ - დაწერს მოგვიანებით გალაკტიონ ტაბიძე

მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი სვანი, ბარნაბა გელაზანია, ილია ბახტაძე, ია ეკალაძე, მიხაკო ჯანოევი (ნემო), თეოფილე ხუსკივაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ჯაჯუ ჯორჯიკია, დათიკო მებუკე (ცვარნამი), ლელიკო ჯაფარიძე სხედან: ტიციან ტაბიძე, გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე), იროდიონ ევდოშვილი, ვარლამ რუხაძე, აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, ლადო დარჩიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ისიდორე კვიცარიძე.

„აკაკი ჯოხზეა დაყრდნობილი. სახე დიდებულად აქვს. გამოირჩევა ყველასაგან... ... რა დიდებულია დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი და ლადო დარჩიაშვილი. სამი უმწიკვლო პიროვნება. - დიდებულია, დიდებული! - ამბობს ის. - ფოტოგრაფო, მე შენ შემოგყურებ, - ამბობს აკაკი სვანი. - ხონის პროლეტარიატი იწევს, რათა ჩაებას ბრძოლაში, - ამბობს ილია ბახტაძე. - სოციალისტების არა მჯერა რა, - ამბობს ია ეკალაძე. - დოვუსტვინო? დოვუსტვინო? - გრიალებს ნემო. - თხზულებანი, ბატონო, თხზულებანი! - რატომღაც გაიძახის თეოფილე ხუსკივაძე. რას ამბობს კონსტანტინე გამსახურდია? რას ფიქრობს ნეტა ჯაჯუ ჯორჯიკია? რაზე ოცნებობს დათიკო მებუკე? რა მიზნებს ისახავს მომავალში ლელიკო ჯაფარიძე? ვარლამ რუხაძე? ვეშაპიძე? ტიტია? მაშინ ხომ ტიციანი არ ერქვა“ - გალაკტიონ ტაბიძე, 1957, 20 ნოემბერი, ღამე.

გალაკტიონის ამ მოგონების გარდა იროდიონ ევდოშვილის ლიტერატურულ საღამოზე წერს იმდროინდელი პრესა, საიდანაც ირკვევა, რომ საღამო პოეტის დასახმარებლად გამართულა. როგორც ცნობილია, 1912 წლის ივლისში იროდიონ ევდოშვილი მძიმედ დაავადებული დაბრუნდა გადასახლებიდან და მუდმივად საჭიროებდა მკურნალობას.

ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში (ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექცია).

გალაკტიონის ჩანაწერები ფოტოზე იხილეთ ბმულზე:http://galaktion.ge/?page=Diaries&year=1957&p=1&id=4709