კინოდოკუმენტების დიგიტალიზაცია - საქართველოს ეროვნული არქივი

კინოდოკუმენტების დიგიტალიზაცია

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ინახება 40 000-მდე შესანახი ერთეული კინოდოკუმენტი. ეს დოკუმენტები მოიცავს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე პერიოდს. არქივში დაცული კინოდოკუმენტების დიდი ნაწილი 35მმ-იან კინოფირზეა, მცირე ნაწილი - 16მმ-იან კინოფირზე, ასევე გვაქვს VHS და MiniDV კასეტები, DVD დისკები და თანამედროვე DCP ფორმატი.

არქივში მიმდინარე კინოდოკუმენტების დიგიტალიზაცია გულისხმობს ყველა ზემონახსენები ფორმატის ელექტრონული ასლის შექმნას. ძირითადი პრიორიტეტი არის 35მმ-იანი კინოფირების დიგიტალიზაცია.

35მმ-იანი კინოფირები არის ორი სახის: ნიტრო და ტრიაცეტატული ფუძის. ნიტროფუძიანი კინოდოკუმენტების ასაკი 100-დან 50 წლამდე მერყეობს, რადგან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე კინოწარმოება მიმდინარეობდა ნიტროფუძიან კინოფირებზე, ხოლო მოგვიანებით ტრიაცეტატულ ფირზე.

ნიტროფუძიანი კინოფირები გარდა სიძველისა, აალებადია და მათთან მუშაობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

ერთი სააღრიცხვო ერთეული კინოდოკუმენტი მოიცავს რამდენიმე შესანახ ერთეულს, ესენია: ნეგატიური გამოსახულება, პოზიტიური გამოსახულება, ოპტიკური ფონოგრამა, მაგნიტური ფონოგრამა და ზოგ შემთხვევაში კონტრ და დუბლ ნეგატივების ან პოზიტივების სახით.

კინოდოკუმენტების დიგიტალიზაციის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

კინოფირის (ორიგინალის) შემოწმება და მისი მდგომარეობის ტექნიკური ექსპერტიზა;
კინოფირის (ორიგინალის) გადასაწერად მომზადება,- რომელიც მოიცავს შეწებებების შესწორებას, მშრალი წესით გაწმენდას, პერფორაციების აღდგენას და რაკორდების განახლებას;
კინოფირის სკანირება და ელექტრონული ასლის კომპიუტერული დამუშავება, ფერის და განათების კორექცია;
ელექტრონული ასლის ხმოვანი რიგის კორექცია;

ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაცია შინაარსისა და კატალოგიზაციის კუთხით.

საქართველოს ეროვნულ არქივში კინოდოკუმენტების დიგიტალიზაცია მიმდინარეობს კონტრპროექციის საშუალებით. ვიდეომატარებლების შემთხვევაში - ვიდეოსტანდარტების მაგნიტოფონებით.

კინოფირების დიგიტალიზაციის დროს გამოიყენება Canon XL1 (SD) და Sony NEX5 (HD) კამკოდერები. ვიდეოსისტემებისთვის Canopus და Motu-ს ფირმის ვიდეოდეკოდერები. არქივი ამ ეტაპზე არ ახდენს 16 და 8 მმ-იანი კინოფირების დიგიტალიზაციას.

კინოდოკუმენტების დიგიტალიზაციის სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები:

კინოდოკუმენტი (ორიგინალი) ელექტრონული ფორმატი
35მმ-იანი პოზიტიური კინოფირი PAL 720x576, 25fps Interlaced; 16bit 48kHz; DV-AVI
35მმ-იანი პოზიტიური კინოფირი HD 1920x1080, 25fps Progressive; 16bit 48kHz; Mpeg4 H.264
35მმ-იანი ოპტიკური ფონოგრამა MONO (Dual Chanel), 24bit 48Khz, PCM Wave File-Uncompressed
35მმ-იანი მაგნიტური ფონოგრმა MONO (Dual Chanel), 24bit 48Khz, PCM Wave File-Uncompressed
VHS ვიდეო-კასეტა PAL/SECAM/NTSC; 16bit 48kHz; Mpeg2 DVD, 8000kbps
VHS-C ვიდეო-კასეტა PAL/SECAM/NTSC; 16bit 48kHz; Mpeg2 DVD, 8000kbps
MiniDV კასეტა PAL//NTSC; 16bit 48kHz; DV-AVI
HDV კასეტა PAL//NTSC; 16bit 48kHz; Mpeg2 HDV, 8000kbps