ისტორია - საქართველოს ეროვნული არქივი

ისტორია

ქუთაისში არქივის არსებობა მე-10 საუკუნიდან დღემდე უწყვეტლივ დასტურდება, რაც ამ ქალაქის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსითაა განპირობებული.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე (1918 წელი) ქუთაისში, როგორც საგუბერნიო ქალაქში, ათობით საუწყებო არქივი იყო, რომელთა ერთ ცენტრალურ არქივად ჩამოყალიბება 1921 წლამდე ვერ მოხერხდა.

1921 წლის 11 მარტს ქუთაისის რევოლუციურ კომიტეტთან დაინიშნა საქართველოს ცენტრარქივის რწმუნებული, რომელიც 1925 წლის 1 ნოემბერს საქართველოს ცენტრარქივის ქუთაისის განყოფილებამ შეცვალა.

1930 წელს ცენტრარქივის ქუთაისის განყოფილება გარდაიქმნა საქალაქო არქივად, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა ქუთაისის საქალაქო სახელმწიფო არქივი.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1958 წლის 18 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე, ქუთაისში დაარსდა საქართველოს სსრ ცენტრალური სახელმწიფო არქივი, რომელიც 1961 წლის 13 იანვარს გარდაიქმნა საქართველოს სსრ ოქტომბრის რევოლუციისა და სოციალისტური მშენებლობის ცენტრალური სახელმწიფო არქივის ქუთაისის ფილიალად. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 19 თებერვლის № 99 დადგენილებით, ფილიალი კვლავ ცენტრალურ სახელმწიფო არქივად გარდაიქმნა და მას შეუერთდა საქალაქო არქივი, რომელიც მანამდე პარალელურად არსებობდა. 1971 წლის 21 ივნისს მის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სსრ ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივისა და საქართველოს სსრ ოქტომბრის რევოლუციისა და სოციალისტური მშენებლობის ცენტრალური სახელმწიფო არქივის ქუთაისის ფილიალები, რომლებმაც ცალ-ცალკე იარსებეს 1979 წლის 8 ივნისამდე. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1979 წლის 8 ივნისის № 730 განკარგულებით, საქართველოს სსრ საისტორიო და ოქტომბრის რევოლუციისა და სოციალისტური მშენებლობის ცენტრალური სახელმწიფო არქივების ქუთაისის ფილიალები გარდაიქმნა ერთ ცენტრალურ სახელმწიფო არქივად, რომლის შემადგენლობაში შევიდა ორივე ფილიალის დოკუმენტები.

2007 წლიდან ქუთაისის ცენტრალური არქივი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულია.

ქუთაისის ცენტრალურ არქივში თავმოყრილია XIX-XX საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაცია-დაწესებულებებისა და აქ მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები. მათ შორის აღსანიშნავია ქუთაისის ქალაქის მმართველობის (1875-1919 წლები), ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიის (1846-1916 წლები), ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს (1846-1918 წლები), ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს (1837-1917 წლები), იმერეთის ეპარქიული კანცელარიის (1819-1921 წლები), ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის (1850-1921 წლები) და სხვა ფონდები, რომელთა დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული თავისუფლების მოსაპოვებლად.

ქუთაისის ცენტრალური არქივის სოციალისტური ეპოქის ფონდებში თავმოყრილია ყოფილი ქუთაისის მაზრის, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული ერთეულების მმართველობის, საგეგმო, საფინანსო, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, მშენებლობისა და არქიტექტურის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, სახალხო განათლების, კულტურისა, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებების დოკუმენტები, აგრეთვე აქ მცხოვრებ გამოჩენილ პირთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი წარმოშობის დოკუმენტები.

ამჟამად ქუთაისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცულია მუდმივად შესანახი 1851 ფონდის - 531406 შესანახი ერთეული, პირადი შემადგენლობა - 1828 ფონდის 295857 შესანახი ერთეული და 5040 ფოტო.