გენეალოგია- ბერძნული სიტყვა Genealogia - აღნიშნავს საგვარეულო ხეს ან ნუსხას. გენეალოგია - სპეციალური ან დამხმარე ისტორიული დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის საგვარეულოთა ისტორიას, ისტორიული გვარებისა და ცალკე პირთა წარმომავლობას, ავლენს ნათესაობით კავშირებს, ბიოგრაფიის ფაქტებს და შეადგენს საგვარეულო ნუსხებს. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა, დამხმარე ისტორიულ დარგებთან, კერძოდ, ჰერალდიკასთან, ეპიგრაფიკასთან, ქრონოლოგიასთან, სფრაგისტიკასთან და ა. შ.
ძველი მსოფლიოს და ანტიკური პერიოდის მითიური გმირების, მეფეების, მმართველებისა და ყურუმების საგვარეულო ნუსხები, რომლებსაც ხშირად ლეგენდარული ხასიათი ჰქონდა, ჯერ კიდევ უძველეს დროში არსებობდა.
გენეალოგიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა შუა საუკუნეებში, როდესაც ყალიბდებოდა ფეოდალურ წოდებათა პრივილეგიები.
XV-XVI საუკუნეებში დასავლეთ ევროპასა და რუსეთში გაჩნდა საგანგებო გენეალოგიური ცნობარები (იმპერატორების, მეფეების, მთავრების, თავადებისა და ა.შ.), რომლებშიც განთავსებული იყო საგვარეულოს ყველა შტოს წარმომადგენლები. ამ ცნობარებში აღნიშნული იყო მათი დაბადების, გარდაცვალების, მეფობის, შეუღლების თარიღები და დინასტიური კავშირები. თავდაპირველად ამ ცნობარების მიზანი იყო ამა თუ იმ დინასტიის ან საგვარეულოს სიძველისა და წარჩინებულობის დასაბუთება.
XVII-XVIII საუკუნეებში გენეალოგია ჩომოყალიბდა როგორც დამხმარე ისტორიული დისციპლინა. იგი ეხმარება მკვლევარებს საგვარეულოს ნათესაური კავშირების დადგენაში.
პირველი გენეალოგიური ცნობარები შეიქმნა რუსეთში XV საუკუნეში. 1682 წელს რუსეთშივე ჩამოყალიბდა სახელმწიფო საგვარეულო საქმეთა პალატა, რომელმაც 1700 წლამდე იარსება. ამ დროს შეიქმნა ე.წ. “ხავერდოვანი წიგნი” (“Бархатная книга”), რომელშიც რუსეთის წარჩინებული გვარების ნუსხებია მოყვანილი. “ხავერდოვან წიგნში” მოყვანილია, ასევე, ცნობები ქართული სამეფო დინასტიის - ბაგრატიონთა შესახებ.
საქართველოში პირველი ორიგინალური თხზულება, რომელშიც გენეალოგიური ხასიათის ცნობები არის მოყვანილი, XI საუკუნეში შეიქმნა. ეს არის ქართული სამეფო სახლის მემატიანე - სუმბატ დავითის ძის თხზულება - „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა”.
XIV-XVIII საუკუნეებში საქართველოს ცალკეულ ფეოდალურ მთავართა და ერისთავთა სახლებს ჩვევად ჰქონდათ საკუთარი საგვარეულო მატიანეების შედგენა. ასეთია, მაგალითად, „ქსნის ერისთავთა ქრონიკა”, (XIV ს.), ან სამცხის ათაბაგების - „მესხური დავითნის ქრონიკა” (XVI ს.). ასევე, არსებობდა სხვა საგვარეულო ქრონიკები და მატიანეები, რომლებიც მრავალრიცხოვან მასალას შეიცავენ ამა თუ იმ წარჩინებულთა გვარების გენეალოგიის შესახებ.
საქართველოში ბაგრატიონთა დინასტიის გენეალოგიის შედგენის პირველი ცდა ეკუთვნის ვახტანგ VI-ს, ჯანიშინობის პერიოდში, კერძოდ 1703-1712 წლებში. აღნიშნული “გენეალოგიური ხე”, რომელიც 1945 წელს მკვლევარმა თორნიკე ჭყონიამ აღმოაჩინა, ადამიდან იწყება და ვახტანგ VI-ის შვილებით სრულდება.
საქართველოში გენეალოგიური საკითხების მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარეს აკადემოკოსებმა: მარი ბროსსემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ივანე ჯავახიშვილმა და სარგის კაკაბაძემ. XIX-XX საუკუნეებში ამ საკითხებს მეცნიერული ნაშრომები მიუძღვნეს მკვლევარებმა - თედო ჟორდანიამ, ნიკო ბერძენიშვილმა, ელენე მეტრეველმა, ჯუმბერ ოდიშელმა, მიხეილ ქავთარიამ, მზია სურგულაძემ, დავით ნინიძემ, იოსებ ბიჭიკაშვილმა და სხვა მეცნიერებმა.